ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერშ რუსეთში ჩასვლას და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილოს რუსეთისთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდების საკითხი.
ამის შესახებ გამოცემა The New York Times წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კიმი ფხენიანიდან სავარაუდოდ, დაჯავშნული მატარებლით გაემგზავრება რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც პუტინს შეხვდება. კიმი, შესაძლოა, მოსკოვშიც ჩავიდეს.
გამოცემის წყაროები იუწყებიან, რომ პუტინს სურს კიმი დაითანხმოს რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებისთვის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კი სურვილი ექნება რუსეთმა მას გადასცეს მოწინავე ტექნოლოგიები ატომური წყალქვეშა ნავებისთვის.
გამოცემის ცნობით, ორივე ლიდერი ეწვევა შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტს ვლადივოსტოკში, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 10-13 სექტემბერს გაიმართება.
უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინმა და კიმმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარი იყო იარაღის მიწოდების შესაძლო გარიგებაზე.