ნობელის ფონდმა საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ, რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მიწვევა სტოკჰოლმში დაგეგმილ ცერემონიაზე გააუქმა.
ფონდის თქმით, მათ გაითვალისწინეს "ძლიერი რეაქციები შვედეთში" და გადაწყვიტეს რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წარმომადგენლები სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე აღარ მიიწვიონ. თუმცა, ტრადიციულად, მოწვევა ძალაში რჩება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება.
მანამდე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა მწვავედ გააკრიტიკა ნობელის ფონდი ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევის გამო.
„ამას არ გავაკეთებდი, მე რომ ვყოფილიყავი სტუმრების დაპატიჟებაზე პასუხისმგებელი. ჩემთვის გასაგებია, რომ ეს ძალიან დიდ ტკივილს მიაყენებს ადამიანებს უკრაინასა და შვედეთში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, შვედეთის პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდენ ცერემონიას, თუ მას რუსეთის ელჩი დაესწრებოდა.
უფრო ადრე ნობელის ფონდის გადწყვეტილება სასტიკად დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ალბათ, იმ დღეს, როდესაც რუსეთის ელჩი იჯდება ლამაზი კოსტიუმით სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში, რუსეთის არმია ჩაიდენს მორიგ სამხედრო დანაშაულებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსული რაკეტები კი გაანადგურებენ მორიგ საცხოვრებელ უბნებს უკრაინის ქალაქებში“, - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.
შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი უკვე მიესალმა ნობელის ფონდის გადაწყვეტილებას, ნობელის პრემიის ბანკეტზე აღარ მიიწვიოს რუსეთის, ირანის და ბელარუსის.
"მივესალმები ნობელის ფონდის ახალ გადაწყვეტილებას სტოკჰოლმში ნობელის პრემიის ცერემონიის გამართვის შესახებ. მრავალრიცხოვანი და მძაფრი რეაქცია მიუთითებს იმაზე, რომ მთელი შვედეთი ცალსახად უკრაინის მხარესაა რუსეთის საზარელი აგრესიული ომის წინააღმდეგ", - დაწერა მან Twitter-ზე.