კურსკის ოლქში აეროდრომზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა აიღო, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის. მათი განცხადებით, შეტევა აეროდრომზე უკრაინის უსაფრთხოების ძალებთან ერთად განახორციელეს.
“შეუფერხებლად გავიარეთ საზღვარი, 27 აგვისტოს ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით შევუტიეთ სამხედრო ობიექტს. გავანადგურეთ ყველა სამიზნე. ხაზს ვუსვამთ: კანონიერი სამიზნეები, რომლებმაც ტკივილი და სიკვდილი მოუტანეს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს“, - აღნიშნულია რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ტელეგრამ--არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების სამსახურს, არც კურსკის ოლქის ხელისუფლებას აღნიშნულ განცხადებაზე კომენატრი არ გაუკეთებია.
27 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა დრონების განადგურების შესახებ, რომლებიც კურსკის ოლქს უტევდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი კურსკში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. რუსეთის მოხალისეთა კორპუსში აცხადებენ, რომ ეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგია.
იმავე დღეს უკრაინულმა მედიამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კამიკაძე-დრონებმა 27 აგვისტოს ღამეს დააზიანეს სუ-30-ის ტიპის ოთხი და მიგ-29-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი. გამოცემის წყაროსვე ცნობით, განადგურდა С-300-ის ტიპის სარადარო კომპლექსი და „პანცირის“ ტიპის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.