უკრაინელები კონტრშეტევით ეტაპობრივად წინ მიიწევენ და მოკავშირეები უნდა ენდონ მათ საბრძოლო მოქმედებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათ შეუძლიათ რუსების უკან დახევა, შეუძლიათ, გადალახონ დაცული ტერიტორიები, კერძოდ, დანაღმული ველები. ამიტომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რადგან ყველამ იცის, რომ ეს მძიმე ბრძოლაა. მათ აქვთ მიღწევები, ისინი ძალას იძენენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს.
„საბოლოოდ, რთული და მკაცრი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე სარდლობაზე. რასაც ვხედავთ არის ის, რომ უკრაინელებმა ისევ და ისევ გადააჭარბეს მოლოდინს.... უნდა ვენდოთ მათ. ჩვენ ვურჩევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ. მაგრამ გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.