უკრაინის სპეცსამსახურებმა და შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, სულ მცირე 9 წარმატებული იერიში განახორციელეს რუსეთის რეგიონებში, ანექსირებულ ყირიმსა და ბელარუსში რუსულ ავიაბაზებზე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
ინფორმაციას რუსული გამოცემა „ვიორსტკა“ ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პირველი იეირში რუსეთის შეჭრიდან მეორე დღეს - 25 თებერვალს განხორციელდა. როსტოვის ოლქში მილეროვოს აეროდრომში ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი დაიწვა.
უკრაინის ყველაზე მასშტაბური და წარმატებული დარტყმა განხორციელდა 2022 წლის 9 აგვისტოს ყირიმში „საკის“ აეროდრომზე. მაშინ რუსეთმა Су-30СМ-ის ტიპის ოთხი ავიაგამანადგურებელი და Су-24М-ის ტიპის 7 ბომბდამშენი დაკარგა.
2022 წლის 5 დეკემბერს უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს სარატოვისა და რიაზანის ოლქებში ენგელსი-2-სა და დიაგილევოს აეროდრომებზე. დაზიანდა 3 თვითმფრინავი: Ту-95-ისა და Ту-22м3-ის ტიპის ორი სტრატეგიული ბომბდამშენი.
შემდეგი შეტევა განხორციელდა 2023 წლის 28 თებერვალს. უკრაინელების სამიზნე იყო რუსული А-50-ის ტიპის თვითმფრინავი მაჩულიშის აეროდრომში ბელარუსის დედაქალაქ მინსკთან. თვითმფრინავმა სერიოზული დაზიანება მიიღო.
მაისის დასაწყისში უკარინულმა დრონებმა შეუტიეს ბრიანსკის ოლქში მდებარე აეროდრომს, დაზიანდა Ан-124-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი.
სამი წარმატებული შეტევა განხორციელდა 19, 21 და 30 აგვისტოს რუსეთში, ნოვგოროდის, კალუგისა და ფსკოვის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე. განადგურდა Ту-22М-ის ტიპის 2 ბომბდამშენი, დაზიანდა Ил-76-ის ტიპის ოთხი სატრანსპორტო და კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომლის ტიპიც არ სახელდება.