გერმანიის საქსონიის ქალაქ ფრაიბერგის მერი სვენ კრიუგერი სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი საზეიმო წვეულების სტუმარი იყო, სადაც სიტყვითაც გამოვიდა. მას თავის გამოსვლაში არცერთხელ უხსნებია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბარბაროსული, ომი. ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ისტორიული დეკორაციებით გაფორმებული წვეულება 25 აგვისტოს ეკატერინეს სასახლეში გაიმართა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანს „მეფის დროინდელი რუსული კულტურული კოდექსის“ აღორძინება წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე ასობით სტუმარი იყო მიწვეული. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მათ ვიდეოჩართვით მიმართა და განაცხადა, რომ ღონისძიება წარმოადგენს „რუსეთის ისტორიის საუკეთესო ფურცლებთან“ დაბრუნებას.
გერმანულ მედიას კრიუგერის სტუმრობა წვეულებაზე ქალაქ ფრაიბერგის მერიაშიც დაუდასტურეს, იმის მიუხედავად, რომ ვიზიტი ოფიციალურად დააანონსებული არ ყოფილა. მერიის პრესსპიკერის თქმით, მერი რუსეთში კერძო ვიზიტით წავიდა, თუმცა წვეულებაზე ის, როგორც ფრაიბერგის მერი, ისე წარადგინეს.
კრიუგერმა სიტყვით გამოსვლაში რუსეთის ქება არ დაიშურა, აღნიშნა, რომ რუსული ენის შესწავლა ერთი წლის წინ დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ „მძიმე დღეები გადაილახება“ და მომავალში რუსეთი და გერმანია კვლავ შეძლებენ დაახლოებას.
კრიუგერი ფრაიბერგის მერი, 2015 წლიდან არის. ის უპარტიოა. პეტერბურგში მისი გამოჩენა მოულოდნელი იყო. წარსულში კრიუგერის სხვადასხვა კავშირი რუსეთთან ხშირად გამხდარა საკამათო თემა.