თალიბანმა ქალებს ავღანეთის პოპულარული ეროვნულ პარკში შესვლა აუკრძალა. როგორც Sky News მანკიერების დათრგუნვისა და სათნოების დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, უსაფრთხოების ძალები ბამიანის პროვინციაში ქალებს ცნობილ ეროვნულ პარკში ბანდე-ამირში შესვლის უფლებას არ მისცემენ.
მინისტრ მუჰამედ ჰალიდ ჰანაფიმ განაცხადა, რომ „ქალები პარკში ვიზიტის დროს ჰიჯაბის სწორად ტარების წესებს არ იცავდნენ“. ჰანაფიმ სასულიერო პირებს და მაღალჩინოსნებს ამ „დარღვევის“ შესახებ აცნობა და აღნიშნა, რომ „ღირშესანიშნაობების დათვალიერება ქალებისთვის სავალდებულო არ არის“.
აღნიშნული აკრძალვის კომენტირებისას უფლებადამცველთა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ თალიბანი გოგონებისა და ქალებისთვის განათლების, მუშაობისა და თავისუფლად გადაადგილების უფლების წართმევით არ დაკმყოფილდა და ასევე სურს მათ პარკები, სპორტი და ახლა ბუნებაც წაართვას.
ბანდე-ამირი ცნობილია ულამაზესი, ღრმა ტბებით. 2009 წელს ის გახდა პირველი ეროვნული პარკი ვღანეთში და ყოვეწლიურად ათასობით მნახველს იზიდავს.