ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ არ იყო ვალდებული უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელისთვის, ევგენი პრიგოჟინისთვის, რომელმაც ამბოხის შემდეგ თავისი მებრძოლები ბელარუსში გადაიყვანა.
„ამ შეკითხვაზე თუ პირდაპირ გიპასუხებთ, მე არ ამიღია პრიგოჟინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება. ეს ერთი, მეორეც - არასდროსა ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მესამეც, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ ორჯერ მივედით აქმადე“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას თქმით, პირველად მაშინ ილაპარაკეს, როდესაც ვაგნერელები მოსკოვზე მარშით მიდიოდნენ. „მე მას ვუთხარი: „ჟენ, შენ ხვდები? შენ დაღუპავ ხალხს და შენც დაიღუპები?“ ეს ადამიანი: „ჯანდაბას, დავიღუპო!“ მე ვუთხარი: „ჟენ, მე ახლა გამოგიგზავნი თოკს და საპონს“. – „არა, არა, არა, მე ასე არ მინდა. გმირად მინდა მოვკვდე“. ლუკაშენკას თქმით, ეს იყო პირველი საუბარი. მეორედ ის პრიგოჟინს მაშინ ელაპარაკა, როდესაც ის მასთან „ვაგნერის“ მეთაურთან დმიტრი უტკინთან ერთად მივიდა. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მაშინ ორივე კატეგორიულად გააფრთხილა: „ბიჭებო, დაფიქრდით“.
ოფიციალური ვერსიით, პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მსვლელობა შეაჩერა ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, როდესაც დაპირდნენ, რომ ამბოხში მონაწილეობისათვის არავის დასჯიდნენ. „ვაგნერის“ მებრძოლები კი ბელარუსში გადავიდოდნენ.
მისი თქმით, ფიქრობს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქებაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი არ არის.
„ვერ ვიტყვი, ვინ გააკეთა ეს. მე ჩემი უფროსი ძმის იურისტიც კი ვერ გავხდები, მაგრამ პუტინს ვიცნობ. ის ძალიან მშვიდი და დინჯი ადამიანია, მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე იღებს. ასე, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა. ეს ზედმეტად უხეში, არაპროფესიონალური სამუშაოა“, - თქვა ლუკაშენკამ.