საერთაშორისო სადაზვერვო ორგანიზაცია InformNapalm აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდ „სუქრუ ოქანის“ შემოწმებისა და მისთვის გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
„ობიექტური კონტროლის მონაცემებით, რომელიც InformNapalm-თვის მოწოდებული იყო ერთ-ერთი გემის მეზღვაურების მიერ, რომლებიც ამ მოვლენას შორიდან აკვირდებოდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იცრუა ხომალდის წარმატებული შემოწმების შესახებ. როგორც მეზღვაურებმა აღნიშნეს, ხომალდი „სუქრუ ოქანი“ არ დაემორჩილა რაშისტების მოთხოვნას გაჩერების შესახებ, მან კურსი დროებით შეცვალა ნაპირის მიმართულებით, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში.
არ ყოფილა არც ვერტმფრენი და არც გამაფრთხილებელი ცეცხლი. იყო მხოლოდ მუქარა რუსების მხრიდან. „სუქრუ ოქანის“ ბორტზე იმყოფებოდა თურქული ეკიპაჟი, რომელმაც მუქარას ყურადღება არ მიაქცია და არ დაემორჩილა {მათ მოთხოვნას}. ამიტომ რაშისტებმა იცრუეს „ხომალდის წარმატებული შემოწმების შესახებ“, - ნათქვმია ორგანიზაციის განცხადებაში.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შავი ზღვის ფლოტის რუსულმა ხომალდმა „ვასილი ბიკოვმა“, შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს „სუქრუ ოქანს“ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.