სერბეთში ძლიერ ქარიშხალს სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. ქარიშხალს თან ერთვოდა სეტყვაც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უამინდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქები ვეოევოდინა, ბაჩკა-პალანკა და ნოვი-სადი.
სერბეთის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც ელექტროსადენების დაზიანებამ გამოიწვია. ქარიშხალმა ძირფესვიანად მოგლიჯა ხეებიც.
ქალაქ კოვაჩიცაში ქალი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ხეზე მეხის დაცემის შედეგად, ცეცხლი მის სახლზე გადავიდა.
ქალაქ ნოვი-სადში უამინდობას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, მას ქარის შედეგად მოგლეჯილი სადენებიდან გადასულმა დენმა დაარტყა.
გარდა ამისა, ქალაქ ბაჩკა-პალანკაში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა კაცი, რომელიც ცდილობდა ელექტროსადენების აღებას, რომლებიც მის ეზოში დაცვივდა.
ქალაქ კრალევოში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა დააზიანა ავტომობილები და ჩაამსხვრია საცხოვრებელი სახლების ფანჯრები.
ასევე აღნიშნულია, რომ სეტყვამ რამდენიმე რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო ნათესებს.