ჩვენ გვინდა, ხელისუფლებასთან კონკურენციაში ვიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“, ღალატის გარდა, არაფერს აკეთებს და ამაში შევეჯიბრო? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან ხელისუფლებას ერთი ძალა ვერ დაამარცხებს.
„ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკურენციაა იდეებში და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მთავრობა ცუდია, პრობლემების გადაწყვეტა მას შეუძლია. ჩვენ გვინდა, ხელისუფლებასთან კონკურენციაში ვიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“, ღალატის გარდა, არაფერს აკეთებს და ამაში შევეჯიბრო? საქმე ბარიერში არ არის, ბარიერი საერთოდ რომ არ არსებობდეს, მაინც საჭიროა გაერთიანება დამაჯერებლობისთვის. საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან ხელისუფლებას ერთი ძალა ვერ დაამარცხებს. ხელისუფლების პროპაგანდაა, ოპოზიცია საშინელ დღეშია, და თუ საშინელ დღეში ვართ, გვაცადეთ საშინელ დღეში ყოფნა. ყველა პარტია გაუთავებელი კაკოფონიით არ უნდა საუბრობდეს, ჩემი პროგრამაო, ამით ადამიანები ვერაფერს გაიგებენ. იმისათვის, რომ დაპირებებმა დამაჯერებლობა შეიძინოს, დამაჯერებლობა იყოს, ძლიერი გუნდი უნდა შექმნა. „ნაცმოძრაობაში“ არავინ ბრუნდება, არც „სტრატეგია აღმაშენებელი“ უქმდება, ახალი პლატფორმა იქმნება, სადაც პარტიებს მიღმა დარჩენილი ყველა ახალგაზრდა, პროფესიონალი ადამიანი იქნება. ბევრი ადამიანია, ვისაც არცერთი პარტიის წევრობა არ სურს. სწორედ მათთვის იქმნება პროევროპული პლატფორმა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.