კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი უკრაინას და თურქეთს „აზოვსტალის“ დამცველების სამშობლოში დაბრუნების გამო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პესკოვმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ კომენტარში განაცხადა.
პესკოვის თქმით, თურქეთიდან უკრაინაში მეთაურების დაბრუნება, რომლებიც „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდნენ, არსებული შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. მისი თქმით, შეთანხმების პირობები დაარღვიეს, როგორც თურქეთმა, ისე უკრაინამ.
პესკოვის თქმით, „აზოვსტალის“ დამცველები შეთანხმების მიხედვით თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყვნენ „კონფლიქტის დასრულების მომენტამდე“.
მისივე თქმით, რუსეთისთვის არ უცნობებიათ უკრაინისთვის „აზოვსტალის“ მცველების გადაცემის შესახებ.
პესკოვის აზრით, კიევისთვის „აზოვსტალის“ მცველების გადაცემა უკავშირდება თითქოს უკრაინის კონტრშეტევის „ჩაშლას“.
მისივე თქმით, ნატო-ს სამიტამდე ზეწოლას ახდენდნენ თურქეთზე, ანკარა კი, როგორც ალიანსის წევრი მათ მიმართ სოლიდარულია. პესკოვის თქმით, რუსეთს ესმის ეს, თუმცა შეთანხმების დარღვევა ვერაფრით გადაიფარება.
უკრაინელი მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდნენ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან, სადაც ისინი რუსეთის ტყვეობისგან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვბრუნდებით სახლში თურქეთიდან და თან მიგვყავს ჩვენი გმირებიც. უკრაინელი ჯარისკაცები, დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა საბოლოოდ ოჯახებთან იქნებიან“, – დაწერა ზელენსკი.
„აზოვსტალის“ მცველები 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან და თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.