პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ვარშავის პასუხი ადეკვატური იქნება.
„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა რაუმ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ელექტროსადგურზე დარტყმა ზეგავლენას მოახდენს ნატო-ს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე. „ამიტომ ეს მოითხოვს შესაბამის რეაგირებას. და მოლოდინი არ გქონდეთ, რომ გეტყვით, თუ როგორი იქნება ეს პასუხი“, - თქვა რაუმ.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უახლოეს ხანებში დაიწყოს პროვოკაციები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის წინააღმდეგ. უკრაინული მხარის განცხადებით, ოკუპანტებმა ორი ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლების მსგავსი მოწყობილობები განათავსეს.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ რობ ბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში მისი შედეგები გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე.