რუსეთი ემზადება უკრაინაში მეტი ჩეჩნური დანაყოფი და პატიმართა რაზმები გაგზავნოს, რათა შეავსოს დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გასვლის შემდეგ სამხედროების დანაკლისი. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.
სააგენტოს წყაროს ცნობით, რუსეთმა ბახმუტში დიდი რაოდენობით ქვედანაყოფი გადაისროლა, რის შედეგად შესამჩნევად შესუსტდა მისი მხრიდან სამხრეთ უკრაინაში ოკუპირებული რაიონების დაცვა.
ევგენი პრიგოჟინის ამბოხმა, რომელიც ვლადიმირ პუტინისთვის მისი 24-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხე გახდა, რუსეთის ძალები ყველაზე გამოცდილი მებრძოლების გარეშე დატოვა. გასულ კვირას უკრაინის დაზვერვის სამმართველოში განაცხადეს, რომ „ვაგნერის“ ძალები ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი რაოდენობით, სავარაუოდ, აღარ გამოჩნდებიან.
თუმცა „ვაგნერის“ გასვლა, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის მსვლელობაზე გავლენას ვერ მოახდენს, პუტინი დიდი ალბათობით, წინა ხაზზე მეტ ჩეჩნურ დანაყოფსა და პატიმრებს გაგზავნის.
გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ გაურკვეველია რამდენ დამატებით დანაყოფს გაგზავნის ჩეჩნეთი. რამზან კადიროვმა მაისში განაცხადა, რომ 7 ათასამდე ჩეჩენი სამხედრო უკვე იმყოფება უკრაინაში და კიდევ 2 400-მდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალ პოლკებში გადის მზადებას. თუმცა Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ჩეჩენ მებრძოლებს ტიკ-ტოკის ბატალიონებს უწოდებს, რადგან ისინი აქტიურები უფრო სოციალურ ქსელებში არიან, ვიდრე ბრძოლის ველზე.