აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჟინებით მოითხოვს, რომ ნატო-ს მომდევნო გენერალურ მდივნად ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაინიშნოს. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.
გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლესს ალიანსის გენერალურ მდივნად დანიშვნაზე უარი უთხრა, აშშ-მა არჩევანი ევროკომისიის პრეზიდენტზე შეაჩერა.
როგორც ცნობილია, 4 ივლისს ნატოელი მოკავშირეები შეთანხმდნენ ერთი წლით - 2024 წლის შემოდგომამდე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე. შეგახსენებთ, სტოლტენბერგი ალიანსის გენრალური მდივნის პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს.
აღნიშნულია, რომ ნატო-ს ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ შეთანხმებას მიაღწევდნენ სტოლტენბერგის შემცვლელთან დაკავშირებით ვილნიუსში მომავალ კვირას დაგეგმილ ყოველწლიურ სამიტზე, მაგრამ მანამდე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს.
ნატო-ში The Telegraph-ის წყარო იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობდა ფონ დერ ლაიენის დარწმუნებას, რომელიც ადრე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე დანიშვნას დათანხმებულიყო იმ შიშის ფონზე, რომ შესაფერისი კანდიდატი მომდევნო 12 თვის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა.