უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება სრულად არის დამოკიდებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებისადმი გლობალურ ყურადღებაზე. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, მსოფლიოს მხრიდან მასშტაბური რეაგირების არარსებობამ კახოვკის ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული ტერაქტის მიმართ, შესაძლოა, კრემლი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის წინააღმდეგ ახალი დანაშაული შთააგონოს.
„სამწუხაროდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის წინააღმდეგ ტერაქტთან დაკავშირებით დროული და მასშტაბური რეაგირება არ ყოფილა და ამან შესაძლოა, კრემლი ახალმა ბოროტებამ შთააგონოს. მისი გაჩერება მსოფლოში ყველას მოვალეობაა. არავინ უნდა გაიწიოს გვერდზე, რადგან რადიაცია არავის ტოვებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს, რომ მსოფლო ხედავს რა სცენარით მოქმედებენ ტერორისტები და რომ მსოფლო მზად არის რეაგირებისთვის. მან აღნიშნა, რომ რადიაცია - მსოფლოში საფრთხეა ყველასთვის, ამიტომ ატომური სადგური სრულად უნდა იყოს გაუვნებელყოფილი ნებისმიერი რადიაციული ინციდენტებისგან. პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 4 ივლისს 16 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაამყარეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე რუსმა სამხედროებმა განათავსეს ასაფთქებლების მსგავსი მოწყობილობები.
„შესაძლოა, სადგურის წინააღმდეგ თავდასხმის იმიტაციისათვის, ან შესაძლოა, მათ აქვთ სხვა სცენარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მსოფლიო ხედავს და არ შეიძლება, რომ არ ხედავდეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ“, - განაცხადა ზელენსკიმ.