უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების წინააღდეგია 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებული საზღვრების პირობებში, რადგან ზელენსკის თქმით, დიპლომატია მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც უკრაინა 1991 წლის რეალურ საზღვრებს აღადგენს. ამის შესახებ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან ურთიერთობების დიპლომატიური დარეგულირებისთვის, თუ 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ საზღვრებზე გავა.
„ეს ჩვენი საზღვრები არ არის, რომლებიც 24 თებერვლისთვის იყო, იქ იყო შეხების ხაზი ჩვენსა და ოკუპანტებს შორის და ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, უკრაინა მზად იქნება დიპლომატიის ამა თუ იმ ფორმატისთვის, როდესაც ჩვენს ნამდვილ საზღვრებზე ვიქნებით, ჩვენს რეალურ საზღვრებზე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე არ წავა რუსეთთან დათმობაზე ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება ნატო-სთან დაკავშირებულ კომპორმისებს, თქვენ კვლავ იყენებთ სიტყვა კომპორმისს, შემდეგ კი ლპარაკობთ კომპორმისებზე საზღვრებთან დაკავშირებით - ზედმეტად ბევრი კომპრომისი ხომ არ არის ერთი სახელმწიფოსთვის?“, - მიმართა ზელენსკიმ ჟურნალისტს.
მან აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტზე ვილნიუსში უკრაინას სჭირდება ძალიან მკაფიო და გასაგები გზავნილი, რომ ომის შემდეგ უკრაინას შეუძლია გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.
მისი თქმით, ეს იქნებოდა პრველი ფაქტობრივი ნაბიჯი. „ჩვენთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“, - დასძინა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, ვიდრე ნატო-ს წევრობას არ მოიპოვებს.