თავდამსხმელი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში ცეცხლი გახსნა, ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელსაც მოლდოვაში შესვლაზე უარი უთხრეს.
ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა.
„ტაჯიკეთის 43 წლის მოქალაქეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარი ეთქვა მოლდოვაში შემოსვალზე. იმ დროს, როდესაც მას სტერილურ ზონაში აცილებდნენ, პისტოლეტიდან მესაზღვრეს და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ესროლა და მოკლა, ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი - მგზავრი, რომელიც ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დაწესებულებებმა მობილიზაციის დონე გაზარდეს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით პოლიცია ინციდენტს იძიებს და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
როგორც ცნობილია, მოლდოვამ, კიშინიოვის აეროპორტში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნაში პრორუსული აგენტების მოხვედრის რისკების გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.