ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს. რა გგონიათ, რომ აქ ვიღაცები რაღაცებს გეგმავენ და ჩვენ არაფერი ვიცით? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალგაზრდების ეს ჯგუფი, დიდი ალბათობით შეცდომაში შეიყვანეს, გამოიყენეს და ჩარჩნენ ციხეში.
„გამოძიება მიმდინარეობს, გაგრძელდება ბოლომდე, ჩვენ ვაკვირდებით ყველას და ყველაფერს. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს არაფრის. სხვა მოტივაცია არ გაგვაჩნია, ჩვენ დისკრიმინაციული მიდგომები არ გვაქვს არცერთი მოქალაქის მიმართ, მით უმეტეს რატომ უნდა გვქონდეს დისკრიმინაციული მიდგომა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს. სად არის ლოგიკა და სად არის სამართალი მაშინ. ამაზეა საუბარი, ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, ფრანკლინის კლუბი დაარქვეს, ამ დროს რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი, „კმარას“ კლუბი და დაარქვეს ფრანკლინის კლუბი, ვითომ ასოციაცია გაუჩნდეს ახალგაზრდას ამერიკასთან და ბენჟამინ ფრანკლინთან, ესეც ხომ მორიგი ფანდი და სიცრუე იყო, რომელიც ჩამოგემსხვრათ და ხუხულასავით დაიშალა, რადგან მანდ არავითარი ხელმოსაკიდი სიმართლე არ იყო. სად არის აბა დღეს ფრანკლინის კლუბი? სად არის თქვენი ანარქისტული ორგანიზაციები? რატომ არ აქტიურობთ და რატომ არ იცავთ, რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ მერე ეს ახალგაზრდები. ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები. ჩვენ ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს. რა გგონიათ, რომ აქ ვიღაცები რაღაცებს გეგმავენ და ჩვენ არაფერი ვიცით? ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის როცა საქმე უკანონო საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში ამოღებულ იქნა და ამის თაობაზე ინფორმაციები არსებობს. ეს თქვენი საქმე არ არის, ვისი ჩატები გავხსენით. ამიტომ წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.