სანქციების მიზანია ომის შემოკლება და ათასობით ადამიანის მკვლელობის აღკვეთა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა დავადასტურო და ხაზი გავუსვა, თუ რა გავლენა აქვს ჩვენს უფრო ფართო სანქციების პაკეტს რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთი იყო ეკონომიკა, რომელიც ჩვეულებრივ გადაჭარბებით ასრულებდა ბიუჯეტს. მიმდინარე წელს მისი პროგნოზია ბიუჯეტის ორპროცენტიანი დეფიციტი და მისი საკუთარი მონაცემებითვე, ამ წლის პირველ ოთხ თვეში მან უკვე გადააჭარბა ამ პროგნოზს. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ ამ წლის პირველ კვარტალში ენერგომატარებლების გაყიდვებიდან რუსეთის შემოსავალი 45 პროცენტით შემცირდა. ჩვენ ვიცით, რომ სუვერენული ფონდისა და რუსეთის სხვადასხვა აქტივების 60 პროცენტი გაყინულია. დაბოლოს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს, რატომ ვაკეთებთ ამას – რომ შევამოკლოთ ომი და აღვკვეთოთ ათასობით ადამიანის მკვლელობა“, – განაცხადა კუმარ აიერმა.