ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია ნათქვამი.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე რეაქტიული სისტემა HIMARS-სთვის, Stinger-ის ტიპის საზენიტო კომპლექსებისთვის, ანტისატანკო კომპლექს Javelin-თვის და AT-4 ტიპის ანტისატანკო რაკეტებისთვის.
აშშ უკრაინას ასევე გადასცემს Bradley-ის ტიპის 30 საბრძოლო მანქანას და Stryker-ის ტიპის 25 ჯავშანტრანსპორტიორს, HARM-ის ტიპის ანტირადიოლოკაციურ რაკეტებს, TOW-ის ტიპის რაკეტებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს 155მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, რომელტთა რაოდენობა მითითებული არ არის, შაშხანებს და მისთვის განკუთვნილ 22 მილიონზე მეტ საბრძოლო მასალას და სხვა შეიარაღებას.
ეს არის ორმოცდამეერთე სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის დასახმარებლად 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოყო.
კიევისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა კი 40,5 მილიარდ დოლარზე მეტია.