პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და რუსეთში განვითარებული პროცესები. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
„ველაპარაკე აშშ-ს პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს. იყო პოზიტიური და შთამაგონებელი საუბარი.
განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და ის პროცესები, რომლებიც რუსეთში ვითარდება. მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, საერთაშორისო წესრიგის აღდგენამდე“.
მისივე თქმით, „გუშინდელმა მოვლენებმა გამოავლინა პუტინის რეჟიმის სისუსტე“.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ბაიდენს უკრაინის დაუღალავი მხარდაჭერისთვის და Patriot-ისკომპლექსებისთვის.
„მნიშვნელოვანია უკრაინის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდა ჩვენი ცის დასაცავად. ამ კონტექსტში მადლობას გიხდით გამანადგურებლების კოალიციის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.