დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ მისმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს, მათ შორის აეროდრომი.
პრიგოჟინი აღნიშნავს, რომ ის ამჟამად როსტოვში, სამხედრო შტაბში იმყოფება.
„ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი. თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლოდ მიემართებიან, განრიგის მიხედვით მუშაობენ. სამედიცინო თვითმფრინავები დაფრინავენ.ჩვენ კონტროლი დავამყარეთ, რომ საბრძოლო ავიაციამ დარტყმები განახორციელოს არა ჩვენზე, არამედ უკრაინელებზე“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
მისი განცხადებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინაში დანაკარგების შესახებ ინფორმაციას მალავს.
„ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგულია. მოკლული სამხედროები სამ-ოთხჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ეს ხელმძღვანელობას დოკუმენტებით მიეწოდება. ხოლო ის, რაც მიეწოდება, არის ათჯერ მეტი, ვიდრე ის, რასაც ტელევიზიით აცხადებენ“. – აცხადებს პრიგოჟინი.
ის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალ ვალერი გერასიმოვისგან როსტოვში ჩასვლას და მასთან შეხვედრას ითხოვს.
„ვიდრე ისინი აქ არ იქნებიან, ჩვენ ჩავკეტავთ როსტოვს და წავალთ მოსკოვზე“, - ამბობს პრიგოჟინი.