აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლის პრეზიდენტობის მეორე ვადას დაემთხვა, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დონბასში შეჭრა, განმარტა, 2014 წელს რატომ არ იყო კიევის მიმართ დასავლეთის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა 2022 წელთან შედარებით.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. ობამას თქმით, 2014 წელს უკრაინა „არ იყო ის უკრაინა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“.
მისი თქმით, 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრა არ მომხდარა.
„არსებობს მიზეზი, რატომ არ იყო სამხედრო შეჭრა ყირიმში. იმიტომ, რომ ყირიმში ბევრი რუსულენოვანი ადამიანი ცხოვრობდა და იქ არსებობდა გარკვეული სიმპათია იმ შეხედულებების მიმართ, რომელსაც რუსეთი ატარებდა. მაშინ, რადაშიც კი იყვნენ რუსეთის მხარდამჭერები. უკრაინაში პოლიტიკური მდგომარეობა გაცილებით რთული იყო“, - აღნიშნა ობამამ.
აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დაიცვა გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელიც, რომელსაც რუსეთთან დაახლოებისა და არასაკმარისი მკაცრი პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.
„მეც და მერკელსაც, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მოგვიწია ბევრი ევროპელის დათანხმება, რომლებიც მაშინ პანიკაში იყვნენ, რათა დაგვეწესებინა სანქციები და პუტინისთვის არ მიგვეცა დონბასში და უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეჭრის გაგრძელების შესაძლებლობა“, - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ეტაპზე იმყოფებოდა მაშინ უკრაინა და რა განწყობები იყო ევროპაში, მათ საზღვრების შენარჩუნება მოახერხეს. „შემდეგ კი გაჩნდა უკრაინული იდენტობის განცდა და უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილება განედევნა რუსული არმია და მოემზადებინა ჯარი და სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, - აღნიშნა ობამამ.