სააგენტოები Reuters და AFP გამოქვეყნებამდე გაეცნენ გაეროს ყოველწლიურ მოხსენებას, რომელშიც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთი უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობაში დაადანაშაულა და რუსეთის არმია მსოფლიო დამნაშავეთა სიაში შეიყვანა. იუწყება BBC
გაერო ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ასევე დაასახიჩრეს 518 ბავშვი, 91 ბავშვი გამოიყენეს ცოცხალ ფარად და განახორციელეს 480 თავდასხმა სკოლებსა და საავადმყოფოებზე. ასევე გაეროს მონაცემებით, უკრაინის არმია პასუხისმგებელია 80 ბავშვის დაღუპვაზე, 175 ბავშვის დასახიჩრებაზე და 212 თავდასხმაზე სკოლებსა დ საავადმყოფოებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაეროს მიერ არ არის შეყვანილი მსოფლიო დამნაშავეთა სიაში.
გუტერეშის თქმით, ის განსაკუთრებით შოკირებული იყო რუსეთის მხრიდან მოკლული და დასახიჩრებული ბავშვების რაოდენობის, ასევე სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმების გამო. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბავშვების წინააღმდეგ მსგავსი დანაშაულების რაოდენობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მას ძალიან აშფოთებს.
მოხსენება ეხება საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ ბავშვებს, მათ მკვლეობებს, დასახიჩრებებს, სექსუალურ ძალადობას, გატაცებასა და გადაბირებას, დახმარებაზე უარის თქმას, სკოლებსა და საავადმყოფეობზე თავდასხმას.
AFP-ის ცნობით, მოხსენება გადაეგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს (რომელშიც რუსეთს აქვს და ხშირად იყენებს ვეტოს უფლებას) და ის ოფიციალურად მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.