უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ბოლო უნდა მოუღოს 30-წლიან ნეპოტიზმსა და კორუფციას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
ინფრმაციას „ევროპეისკა პრავდა“ სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბერბოკის თქმით, უკრაინამ ევროკავშირისკენ გზაზე უკვე მიაღწია პროგრესს რეფორმების განხორცილებაში, განსაკუთრებით თავისუფალი მედიისა და კანონის უზენაესობის მხრივ.
თუმცა მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალში აუცილებელია შემდგომი პროგრესი, „რათა ბოლო მოეღოს 30-წლიან ნეპოტიზმს და მკაფიოდ უნდა ითქვას, კორუფციას“,- აღნიშნა ბერბოკმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმებისკენ მიმართული ნაბიჯები წარმოუდგენელი სისწრაფით იდგმება და გერმანია ინტენსიურად უჭერს მას მხარს.
ბერბოკის თქმით, ეჭვი არ არის, რომ უკრაინა შუერთდება ევროკავშირს, ამიტომ კერძო კომპანიების ინვესტიციები ქვეყნის აღდგენაში გამართლებულია, რადგან საბოლოო ჯამში ის ამყარებს ევროპის ბაზარს.
მისივე თქმით, უკრაინა, შესაძლოა, გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი ერთიანი ევროპული ბაზრის გამყარებაში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.