გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გამოიყენოს პეკინის გავლენა მოსკოვზე, რათა აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს ომი უკრაინაში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იმუშავებს“, – განაცხადა შოლცმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისგან და ეს ომი არ უნდა იქცეს გაყინულ კონფლიქტად.
გერმანიაში ვიზიტით მყოფი ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი კეციანი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა.