ავსტრიის პოლიციამ განაცხადა, რომ ვენაში ლგბტ აღლუმის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთეს. დაკავებულია ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ბოსნიური და ჩეჩნური წარმოშობის ავსტრიის სამი მოქალაქე, რომლებსაც ხელისუფლება ისლამისტებს უწოდებს.
ლგბტ აღლუმი ვენაში შაბათს გაიმართა, მასში 300 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის დროს არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
ავსტრიის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რო შაბათს საცხოვრებელ სახლებში დააკავეს 14,17 და 20 წლის ახალგაზრდები.
სამართალდამცველთა ცნობით, ამოღებულია იარაღი, მათ შორი დანები, ნაჯახი და პნევმატური პისტოლეტები.
ავსტრიის ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელის ომარ ჰაიავი-პირჰნერის განცხადებით, დაგეგმილი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია აღლუმის დამთავრებამდე პოლიციას არ გაუსაჯაროვებია, რათა მონაწილეებს შორის მღელვარება არ გამოეწვია.
„ტერორიზმის საბოლოო მიზანია ადამანების დაშინება. ჩვენი ამოცანაა, ეს არ დავუშვათ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ერთ-ერთი დაკავებული უკვე ფიგურირებდა სხა კონტრტერორისტულ გამოძიებებში.
ჰაიავი-პირჰნერის განცხადებით, ავსტრიის ხელისუფლება ცნობებს ფლობდა „ისლამური სახელმწიფოს“მიერ ახალი თავდასხმების ორგანიზებასთან დაკავშირებული მოწოდებების შესახებ.
„ევროპაში კვლავ ისმის მოწოდებები ტერაქტებისკენ, ევროპოლმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ანგარიში ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს“, - აღნიშნა მან.
ავსტრიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებული თავდასხმა 2020 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ტერორისტმა ვენის ერთ-ერთ რაიონში ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. მაშინ დაიღუპა 4 და დაიჭრა 23 ადამიანი.