იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით დარჩეს. ამის შესახებ სააგენტოები Bloomberg დაReuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. ამ დროის განმავლობაში მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ შეთანხმებას სტოლტენბერგის შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
სტოლტენბერგი ხსენებულ პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მისი ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადა 2022 წლის სექტებერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ერთი წლით გახანგრძლივდა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ახალი ვადით თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებდა.
Reuters-ის წყარო აღნიშნავს, რომ სტოლტენბერგი ნატო-ში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს და ეფექტიან ლიდერად რჩება.
„{აშშ-ის პრეზიდენტის} ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ სტოლტენბერგი კიდვე ერთი წლით დარჩება, როგორც ჩანს ალიანსში მის შემცვლელთან დაკავშირებით კონსესუსი ახლა არ არსებობს“, - ამის შესახებ სააგენტოს წყარომ განუცხადა.
იმის ალბათობა, რომ სტოლტენბერგს კიდევ ერთი წლით პოსტზე დარჩენას სთხოვენ, ნატო-ს სამიტის მოახლოებასთან ერთად იზრდება, ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება. Reuters-ის ცნობით, მოკავშირეები შიშობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშრებით ალიანსის წევრებს შორის უთანხმოება ჩამოვარდება.
ნატო-ს გენერალურ მდივანს, ვინც არ უნდა დაიკავოს ეს პოსტი, უახლოეს პერსპექტივაში მოუწევს ერთი მხრივ მხარი დაუჭიროს ალიანსის წევრი ქვეყნების ერთობას უკრაინის დახმარების საკითხში, მეორე მხრივ კი არ დაუშვას ესკალაცია, რომელმაც შესაძლოა, რუსეთთან ომი გამოიწვიოს.
გასულ კვირას ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე არჩევის სურვილი გამოთქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა. ასევე ერტ-ერთ კანდიდატურად განიხილება დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი.