ვერავინ მომიყვანს ვერცერთ ციტატას, სადაც ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები რაიმეს ანტიდასავლურს ამბობენ, მაგრამ თუ ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები კითხვას სვამენ ზოგიერთი პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ეს ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
რაკლი ჩიქოვანი არ ეთანხმება ევროპელი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანტიდასავლური რიტორიკა აქვს.
„ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც ანტიდასავლური განცხადებები. არ უნდა აღიქვამდეს ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი, რომლის მოსაზრებითაც ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა, ხოლო დავით კეზერაშვილი ამ ქვეყნის კეთილი მომავალი. არ უნდა აღიქვამდეს, რომ ამას რომ გავაკრიტიკებთ, ეს არის ინსტიტუციის დაზიანება, ევროპარლამენტს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს მარტო ჩვენი აღქმა არ არის, ეს არის მილიონობით საქართველოს მოქალაქის აღქმა. წარმოუდგენელია ევროპული ქალაქებიდან არჩეულ დეპუტატებს უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეთ პირობითად, თუ რა ხდება ზუგდიდში, გურჯაანში, ან ლაგოდეხში. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჯერაც კი ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს აქვს მცდარი და არასწორი შეფასება იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და სამწუხაროდ, ამის ფონზე უჭირთ იმ პროგრესის დანახვა, რომელიც 2012 წლის შემდგომ არის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.