ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.
არახამია ეხმაურება „უკრაინსკაია პრავდასთან“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს, სადაც ზურაბიშვილი მათ შორის ნიკა გვარამიას საკითხზე საუბრობს.
როგორც დავით არახამია წერს, ეს საკითხი დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს.
„დღეს ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასებით, მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის წინაშე დგას. ამ ჩამონათვალში უმთავრესი წინაღობა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაა. თუ საქართველოს სურს, ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, თავისთავად, უმთავრესი ფუნდამენტი თავისუფალი სიტყვის დაცვა უნდა იყოს. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ. ქ-ნი პრეზიდენტის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა“, – წერს დავით არახამია.