ე.წ. სისტემური მიდგომით, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, პრობლემას საერთოდ ვერ გადაჭრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„კეზერაშვილი აღიარებს, რომ არის ოლიგარქი, მას აქვს ძალიან ბევრი ფული, აფინანსებს პარტიებს, „ენჯეოებს“ და მედიასაშუალებებს, ანუ არის ოლიგარქი. ამ ე.წ. სისტემური მიდგომით, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, ამ პრობლემას საერთოდ ვერ გადაჭრი. ამაშია საქმე. პერსონალიზებული მიდგომაა კი გულისხმობს შემდეგს – შენ აიდენტიფიცირებ ადამიანს ოლიგარქად და მის მიმართ აწესებ იმაზე მეტ შეზღუდვას, ვიდრე შეიძლება, სხვა პირის მიმართ მოქმედებდეს, – აღნიშნა კობახიძემ.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა, რომ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას იზიარებს და სისტემური მიდგომა სჯობს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის.
„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ჩანაწერის გადახედვა. ვენეციის კომისიის დასკვნას თუ იზიარებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ დეკემბერში უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ევროპული საბჭო როცა განაახლებს საკუთარ, ასე ვთქვათ, ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლოგარქიზაციის თემა არის მოხსნილი. ეს უნდა თქვან“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბუნდოვანი რეგულაციები როცა რჩება, ამ შემთხვევაში რჩება სივრცე სპეკულაციებისთვის.
„ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ბუნდოვანების დატოვება, მოხსენით ეს პუნქტი, დეოლიგარქიზაცია და ვისაუბროთ სისტემურ რეფორმებზე ზოგად ჭრილში, მაგრამ თუ რჩება თემა დეოლიგარქიზაცია, ამ შემთხვევაში ვიღაცამ სამართლებრივად უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი და სამართლებრივად უნდა იყოს განსაზღვრული ასევე ზომები ოლიგარქების მიმართ. სამართლებრივად უნდა დადგინდეს ეს, რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს, ვინ არის ოლიგარქი, არის ერთი, მეორე, თუ მესამე“, – განაცხადა კობახიძემ.