თვის ბოლომდე ყველა პუნქტი იქნება 100 პროცენტით შესრულებული. ვნახოთ, რა იქნება ევროკომისიის პოზიცია. ამის შემდეგ, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ ვართ ბოლომდე პირნათელი თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. სადაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, ყველა პუნქტი არის პირნათლად შესრულებული. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ცალმხრივად ვერ იქნება – დეპოლარიზაციის განხორციელება, ამას სჭირდება ორმხრივი ძალისხმევა. აქედან გამომდინარე, ამაზეც გვექნება, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია დასაფიქსირებელი და დავაფიქსირებთ. სადაც იყო ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობა, ეს უკავშირდებოდა მათ შორის კანონების მიღებას, თანამდებობის პირების არჩევას, ყველგან ვიმოქმედეთ სრული პასუხისმგებლობით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ხელისუფლება პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით.
„შემოდგომაზე გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში, სადაც აისახება მათ შორის ინფორმაცია, როგორ აფასებენ თითოეული პუნქტის შესრულებას. ინტერესით დაველოდებით ამ დოკუმენტს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ თვის ბოლომდე ყველა პუნქტი იქნება 100 პროცენტით შესრულებული. ვნახოთ, რა იქნება ევროკომისიის პოზიცია. ამის შემდეგ, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის. თუ იქნება სადმე დასაბუთებული შენიშვნა, კიდევ არის დრო, რათა ყველაფერი გასწორდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება საფუძვლიანი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.