„მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით, ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა წითლიძემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, საქართველოს ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია.
„მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ის ახლა ციხეშია, პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით, ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია.
გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას, რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას.
თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავლის დასაცავად, რუსულi კანონის წინააღმდეგ.
2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა - ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდა არის, ის რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში.
ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. კიდევ უფრო მეტი ვიდრე აქ აღვნიშნავ.
მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,“ - განაცხადა ანა წითლიძემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.