მიხარია, რომ ჩემი მოწვევით საქართველოში გვეწვივნენ სლავკოვის პარლამენტების თავმჯდომარეები – სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეები. ეს არის ნიშანი საქართველოს მხარდაჭერისა ამ რთულ პერიოდში, როგორც პოლიტიკურად რეგიონში რთულ პერიოდში, ასევე იმ გამოწვევებით სავსე გზის შემხედვარე, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსა და სხვა საკითხებს.
„ეს არის დიდი მხარდაჭერის ნიშანი და მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. გარდა ამისა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც გვქონდა საუბარი, განსაკუთრებით ავსტრიასთან, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს ერთობლივ განზრახვას, რომ ახალგაზრდებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, სპეციალურ ფორმატებზე დაყრდნობით, რომელიც ავსტრიის პარლამენტში არსებობს, ჩვენც უფრო ინტენსიური გავხადოთ სამოქალაქო განათლების კომპონენტი, რომელიც პარლამენტს შეუძლია, მასთან სტუმრად მოსულ ახალგაზრდებს შესთავაზოს. ამიტომ ამ მხრივაც გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. თავისთავად, საუბარი გვქონდა, ერთი მხრივ, უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც რეგიონში არსებობს, ამ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და მისი შესრულების პროგრესზე, რომ პარლამენტი რეკომენდაციების შესრულების კუთხით ბოლოში გადის და ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება პოზიტიური შეფასება ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში განხორციელებული რეფორმებისა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გარკვეული იმედგაცრუება გვქონდა შარშან, ივნისში, როდესაც, მიუხედავად დამსახურებისა, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გარკვეულწილად, სხვაგვარი მოპყრობა მოხდა საქართველოს მიმართ, ასოცირებული ტრიოს ორი სხვა ქვეყნისგან – უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით. იანვარში ევროკომისიის შეფასებებმა გვაჩვენა, რომ მართლები ვიყავით ჩვენს შეგრძნებაში, რომ ამ სამ ქვეყანაში ლიდერად რჩებოდა იმ ეტაპისთვისაც საქართველო და მიუხედავად ამისა, არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ახლა საკითხი დგას იმაზე, რომ ეს დამსახურება იქნას დანახული, აღიარებული შესაბამისი გადაწყვეტილებებით, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.