ჯერ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველა ნორმალური, პატრიოტი ადამიანი უნდა ფიქრობდეს, ქვეყანას რა უნდა გაუკეთოს, მერე დავეხმაროთ სხვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიის 20% არის უკვე ოკუპირებული, განადგურებულია ქალაქები და ასეულობით ათასობით არის დაღუპული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა.
„20 მილიონის მიგრაცია მოხდა. ამბობენ, რომ ათმა მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინის ტერიტორია და 10 მილიონი ქვეყნის შიგნით არის იძულებით გადაადგილებული. 20 მილიონი, გესმით, რამხელა კატასტროფაზეა საუბარი? ასიათასობით ადამიანი დაიღუპა და იხოცება ყოველდღე. ამის თაობაზე დაორგანიზებულია მთელი საერთაშორისო კამპანია, სანქციების თემაზე, ეკონომიკური, მათ შორის ფინანსურია და ა.შ. ჩვენი ხელისუფლება გამოვიდა თავიდანვე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, ჩვენი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, 20% გვაქვს ოკუპირებული, ამაზე ვფიქრობთ ჯერ, არ მომერიდება ამის თქმა, დიახაც, ასეა. ჯერ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე და ხალხზე უნდა ვიფიქროთ, მე ასე მჯერა. ყველა ნორმალური, პატრიოტი ადამიანი ასე უნდა ფიქრობდეს, ქვეყანას რა უნდა გაუკეთოს, მერე დავეხმაროთ სხვებს. ყველას პატივს ვცემთ, უკრაინას, ძალიან გული მტკივა და საშინელება ხდება, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამ ომის მალე დასრულება, მინდა, ვუსურვო, ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობა. ჩვენი ოპოზიცია და სხვებიც გვეუბნებიან, რომ დააწესეთ სანქციები, რუსეთს დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები, შეწყვიტეთ ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები რატომ აღადგინეს, ჩვენ არ აღგვიდგენია, შეწყვეტილი იყო მანამდე მათი გამოისობით და ა.შ. უვიზო რეჟიმი რატომ შემოიღეს? მანამდე რაც მოგიყევით, ეკონომიკური აღმავლობა რაც გვაქვს და განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა, ამაზე უნდა ვთქვათ უარი, გადავყაროთ ყველაფერი, ათასობით სამუშაო ადგილი რომ იქმნება და ხალხმა რომ ამოისუნთქა და დოვლათი იქმნება ქვეყანაში, ამაზე უნდა ვთქვათ უარი და უნდა შევუერთდეთ უკრაინის ომის გამო დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს? - განაცხადა პრემიერმა.