რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დარტყმები განხორციელდა. შესაბამისი ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.
რუსული გამოცემა SOTA „ტელეგრამზე“ ბელგოროდის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოებსა და ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
გუბერნატორ, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გუშინ, ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ შევიდა.
გუშინვე ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებს და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხობის ზოლს“ ქმნის.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.
ასევე, ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისგან ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ.
გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრაივორონის რაიონის მოსახლეობა, რეგიონს თვითდინებით ტოვებს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ადგილზე ვითარება დაძაბულია.
ადგილობრივ ხელისუფლებას ევაკუაცის შესახებ ოფიციალუარდ არ განუცხადებია.