დაზვერვის მონაცემების თანახმად, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვრცელდება, რუსეთთან ომში უკრაინამ 13 ათასი სამხედრო დაკარგა.
ამის შესახებ ნათქვამია გამოცემა Euractiv-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის შეფასების თანახმად, რომელიც მოყვანილია დოკუმენტში და ეყრდნობა უკრაინის, მედიისა და დაზვერვიდან გაჟონილ ინფორმაციებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან რუსეთთან ომში დაღუპულია 13 ათასი სამხედრო, 35 ათასი კი დაჭრილია.
აშშ-ის შეფასების თანახმად კი, რომელიც მოცემულია იმავე დოკუმენტში, ომში 17 500 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, საერთო ჯამში კი უკრაინის მხარის დანაკარგი - დაღუპულების, დაჭრილების, უკვალოდ დაკარგულების სახით {და სხვა მიზეზებით} 124-დან 131 ათასამდეა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ამერიკის მონაცემები გადაჭარბებულია.
რაც შეეხება რუსეთის დანაკარგს, დოკუმენტში მოცემულია უკრაინის მონაცემები, რომლის თანახამდ, რუსეთის ძალების მხრიდან დაღუპულია 185 ათასი სამხედრო, 555 ათასი კი დაჭრილია. დოკუმენტში ასევე მოცემულია აშშ-ის მონაცემები, რომლის მიხედვით, რუსეთის დანაკარგი საერთო ჯამში შეადგენს 189 500-დან 223 ათასამდე სამხედროს, მათ შორის 43 ათასი დაღუპულია.
დასავლელმა დიპლომატებმა და სამხედროებმა Euractiv-ს განუცხადეს, რომ ორივე მხრიდან ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღება მსხვერპლის შესახებ, ფაქტობრივად შეუძლებელია.