მოველი, დონორები გაემიჯნებიან რადიკალურ ჯგუფებს, ისეთებს, როგორებიც არიან „გირჩი“, „დროა“. ესენი გახლავთ ორგანიზაციები, რომლებიც არიან არჩევნების უარმყოფლები, შემოაქვთ რადიკალური დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში უფრო წინ წავიდა „გირჩი“ და იარაღის ტრიალი დაიწყეს სემინარებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული სემინარები ტარდება, სადაც იწვევენ პარტიულ ლიდერებს. მისივე თქმით, ეს არის კანონის გვერდის ავლის გზა, რათა პარტიის წევრებს ხელფასები დაურიგდეთ უცხოური წყაროდან. ისინი ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს უცხოეთიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ამის შესწავლა. მისივე თქმით, იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში.
„განცხადებებს რაც შეეხება თუნდაც IRI-სთან, მის საქმიანობასთან დაკავშირებით და საუბარს, თითქოს ამ სემინარებზე ახალგაზრდებს ასწავლიან კარგ მოქალაქეობას, არ ვიცი, ვის როგორ ესმის კარგი მოქალაქეობა, მაგრამ იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვნახეთ ყალბი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც ხდება ახალგაზრდების შეგუება იარაღთან. ბოლოს, როდესაც ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა იარაღი, 90-იან წლებში საქართველომ მთელი თაობა დაკარგა. ჩემთვის ეს აბსოლუტური წითელი ხაზია – იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკაში იარაღის ჟღარუნმა დაგვაკარგვინა თაობა, საქართველო გადაწია ათწლეულებით უკან და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს.
ყალბ არასამთავრობოებს რაც შეეხება, ყალბი დონორების მიერ „ენჯეოების“ დაფინანსებას და იარაღის ტრიალს სემინარებზე, ეს არის ჩვეულებრივი ღია ინფორმაცია. იმედი მაქვს, დონორი ორგანიზაციები ამ საკითხს გამოიყენებენ, როგორც შანსს, შეისწავლონ, რატომ იხარჯება ეს თანხები ისეთ სემინარებზე, სადაც რევოლუციური სცენარები, იარაღთან მოპყრობა განიხილება. ამას არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესთან. ერთადერთი მიზანია – წახალისდეს დესტრუქცია.
მოველი, დონორები გაემიჯნებიან რადიკალურ ჯგუფებს, ისეთებს, როგორებიც არიან „გირჩი“, „დროა“. ესენი გახლავთ ორგანიზაციები, რომლებიც არიან არჩევნების უარმყოფლები, შემოაქვთ რადიკალური დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში უფრო წინ წავიდა „გირჩი“ და იარაღის ტრიალი დაიწყეს სემინარებზე. მნიშვნელოვანია, ყველა დონორმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და გაემიჯნოს ასეთ ორგანიზაციებს, შეწყვიტოს ასეთი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება. მესმის, შესაძლოა, ყველას არ აქვს ღრმა ცოდნა საქართველოს უახლესი ისტორიის, მაგრამ ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე იყოს საუბარი, რომ არ დავუშვათ არანაირი რადიკალიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.