ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო მიმდინარე კვირაში უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).
ევროპელი სოციალისტების პარტიამ აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ღარიბაშვილმა ამ ფორუმზე უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს „რეკლამა გაუწია“ და ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას მას ევროპის ჭეშმარიტი დამცველი უწოდა.
“კონფერენცია, რომელიც აერთიანებს კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრა-მემარჯვენე ძალებს მთელი მსოფლიოდან, ტარდება უნგრეთის უაღრესად პოპულისტი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით... ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა დგას. “ქართული ოცნების“ სტატუსის გადახედვა უკვე გადაწყვეტილია პრეზიდიუმის მომდევნო სხდომაზე ივნისში. როგორც ცხადი გახდა, ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ ეს აუცილებელი ნაბიჯია", - განაცხადა PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ.