უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის ძირითად მიზნებზე ისაუბრა.
ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი არის რეფორმების განხილვა. ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, რომ დიდი პროგრესია მიღწეული, თუმცა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას.
„ვიყავი პარლამენტში, შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას. გასულ კვირას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისასაც გამოხატა კმაყოფილება, რომ ძალიან კონტროვერსული კანონი გაწვეული იქნა. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება მრავალი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ივლისში ნატო-ს სამიტს ველოდებით. ალიანსის დღის წესრიგში ბევრი საკითხი იქნება, მაგრამ ასევე – როგორია ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან, როგორ ვუყურებთ ფართო ინტეგრაციის თემებს, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური სიგნალი იყოს აქედან გაგზავნილი. ასე რომ, არსებითი იყო ჩემთვის ეს შეხვედრები. ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერთად. ნატო-ს კიდევ ბევრ მაღალი დონის ვიზიტს იხალავთ საქართველოში, რადგან ჩვენ მოწოდებული ვართ, ეს ქვეყანა ნატო-ს უფრო მეტად დავუახლოვოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.