პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პეტრ ვავჟიკი აცხადებს, რომ ბევრი წლის წინ გერმანიას რომ არ დაებლოკა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება, დღეს ომი არ იქნებოდა. იუწყება PAP.
ვავჟიკი გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრ, ბორის პისტორიუსის განცხადებას, რომ ახლა ნატო-სთვის საუკეთესო დრო არ არის უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღოს. „კარი ოდნავ შეღებულია, მაგრამ ახლა ამ საკითხის გადაწყვეტის დრო არ არის“, - განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობის სერიოზული განხილვა შეუძლებელია, ვიდრე უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება. „თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ცივი გონებით და ცხელი გულით და არა პირიქით“, - თქვა პისტორიუსმა.
აღნიშნულ განცხადებას კრიტიკულად უპასუხეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„საკითხავია, როდის მოვა ამ „ცივი თავის“ დრო. ომის დასრულებიდან 5, 10 თუ 30 წლის შემდეგ?"- განაცხადა ვავჟიკმა და აღნიშნა: „გერმანიას რომ არ ეფიქრა ასე, როგორც ახლა, არ შეეფერხებინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება, ბევრი წლის წინ, მიუნხენში უკრაინას ალიანსში მიწვევა რომ მიეღო, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა“.
მისი აზრით, ახლა შეინიშნება დასავლეთის ქვეყნების ძველი მიდგომის გაგრძელება. „ცნობილია, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ფინეთი და გერმანია, საერთო ჯამში ყოველთვის წინააღმდეგნი იყნენ უკრაინის მიღების ხან ევროკავშირში ხან ნატო-ში“, - აღნიშნა ვავჟიკმა.
მისი აზრით, გერმანელი მინისტრის პოზიციამ, შესაძლოა, რეალურად შეაფერხოს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება, ვინაიდან ალიანსში ახალი სახელმწიფოს მიღების დროს საჭიროა ერთსულოვნება. უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთი ასევე იმუქრება ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვით კიევის მიმართ პრეტენზიების გამო იმიერკარპატებში თითქოს უნგრელების ჩაგვრასთან დაკავშირებით.
პოლონეთის სააგრეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ვარშავა მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას და ფიქრობს, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი იქნება.