სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს, როგორ ცხოვრობენ ბავშვები და მოხუცები ამა თუ იმ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვებიც და მოხუცებიც ცხოვრობენ ძალიან ცუდად. - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი საქსტატის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კვლევის შედეგებს.
„მძიმე დასკვნა დაიდო, რომლის თანახმადაც საქართველოში ბავშვების 35%-მდე ვერ იღებს საკვებს სკოლაში, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მათ ოჯახებს შესაბამისი სახსრები არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში სტუმრობისას გვპირდებოდა, რომ სკოლებში მოსწავლეები საკვებით იქნებოდნენ უზრუნველყოფილნი და რომ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას იწყებდა. ორი წლის შემდეგაც, დღეს მოცემულობა გვაქვს ისეთივე და შესაძლოა უარესად მძიმე, ისევ არ არის სკოლებში საკვები და ბავშვების 35% სკოლაში მშიერია.
ამ დროს პრემიერ-მინისტრი საუბრობს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ. პრობლემა არის კიდევ ის, რომ ის ბავშვები რომლებიც უსახსრობის გამო ვერ იკვებებიან სკოლაში, სახლშიც ვერ ჭამენ სრულფასოვნად, რადგან ისინი ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებენ. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აიყვანოს ეს საკითხი პრიორიტეტებში და დაიწყოს ამაზე მუშაობა, არა ისე, როგორც აქამდე მუშაობდა, არამედ დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა.