კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა.
კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს და დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს, როგორც სხდომის თავმჯდომარე, გაივლის რეგისტრაციას.
საბოლოოდ, რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 52-მა წევრმა. შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნაა, კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები გამოიძიოს.