რუსეთის არმიის მეთაურებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ქვეითთა შემადგენლობაში სპეცრაზმელები გაგზავნეს და დიდი დანაკარგი განიცადეს, რამაც ომის დინამიკა შეცვალა. ამის შესახებ The Washington Post პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
სოციალურ ქსელებში გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, რუსეთის არმიის მეთაურები გადაჭარბებულად ეყრდნობოდნენ სპეციალიზირებულ ქვედანაყოფებს, რომლებიც ქვეითთა ფორმირებების შემადგენლობაში შედიოდნენ. WP იუწყება, რომ სპეცრაზმელებს დავალება ჰქონდათ მაღალი რისკის შემცველი საიდუმლო მისიები შეესრულებინათ - მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაკავება, ასეთი მისიების შესრულებისთვის მათ რუსულ არმიაში თანამედროვე მომზადება გაიარეს.
თუმცა სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსმა მეთაურებმა, რომლებსაც „მომენტის დაჭერა“სურდათ, ელიტურ დანაყოფებს პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა უბრძანეს.
რუსული სპეცდანაყოფების გამოფიტვამ დასაწყისშივე ომის დინამიკა შეცვალა და კრემლს შეუზღუდა საიდუმლო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა.
ამერიკის დაზვერვას მიაჩნია, რომ შოკისმომგვრელი დანაკარგები, რომლებიც ამ ქვედანაყოფებმა განიცადეს, მათ ნაკლებად ეფექტურს ხდიან არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვა ადგილებშიც, სადაც რუსეთის არმია მოქმედებს.
ქვედანაყოფების მდგომარეობა ასევე უარესდება არასაკმარისი გამოცდილების გამო. სპეცრაზმელებს ესაჭიროებათ სულ მცირე ოთხი წელი სპეციალური მომზადებისთვის. როგორც საიდუმლო დოკუმენტებშია აღნიშნული, ამგვარად, მოსკოვს შესაძლოა, დასჭირდეს ათწლეულები, რომ ეს ქვედანაყოფები აღადგინოს.
დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი, რამდენი სპეცრაზმელი დაიღუპა ან დაიჭრა უკრაინაში, თუმცა საიდუმლო მასალების თანახმად, ერთმა - 346-ე ქვედანაყოფმა დაკარგა თითქმის მთელი ბრიგადა და 900-დან მხოლოდ 125 სამხედრო დარჩა.