მოლდოვაში, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერს, ილან შორს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მისი 250 მლნ დოლარის ღირებულების ქონების კონსფისკაცია მოახდინა.
ამის შესახებ საპარლამენტო იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, მოლდოვის პარლამენტის დეპუტატმა ოლესია სტამატემ განაცხადა.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.
„ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულებამ ბოლოს და ბოლოს იზეიმა. სააპელაციო პალატამ შორს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სადაც არ უნდა მოიხადოს მან სასჯელი, ისრაელსა თუ მოლდოვაში, მისი დაყადაღებული ქონების კონფისკაცია მოხდება სახელმწიფოს სასარგებლოდ“, - განაცხადა სტამატემ.
მისი განმარტებით, საუბარია მხოლოდ ერთ საქმეზე და სასამართლომ კიდევ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები სხვა საქმეებზეც.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება აღსრულდა. „მართლმსაჯულებას მხოლოდ ამგვარად შეუძლია თავისი სტატუსის დაბრუნება: სამართლებრივი გადაწყეტილებით, დამნაშავეების დასჯითა და სამართლიანობის აღდგენით“, - აღნიშნა სანდუმ.
თავად შორმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ის მოსამართლეები, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან.
„ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არ მაღელვებს, ჩემთვის ყველაფერი სულერთია, მე არ ვაპირებ დამორჩილებას, გადაწყვეტილება გაუქმდება დღევანდელი რეჟიმის ცვლილებიდან მეორე დღესვე“, - განაცხადა შორმა.
2015 წელს ილან შორს მიესაჯა 7 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მოლდოვის ბანკებიდან „მილიარდის ძარცვის საქმეზე“. სასამართლომ დაადგინა, რომ განაჩენი ძალაში არ შევიდოდა, ვიდრე საბოლოო არ იქნებოდა.
საქმე კიშინიოვის სააპელაციო პალატაში განხილვის პროცესში იყო. სასამართლო მოსმენები არაერთხელ გადაიდო. 2019 წელს, ხელისუფლებიდან დემოკრატიული პარტიის წასვლის შემდეგ შორმა ქვეყანა დატოვა. ზოგიერთი მონაცემით, ის ისრაელში იმყოფება.
ბოლო თვეების განმავლობაში შორის პარტიამ ორგანიზება გაუკეთა ანტისამთავრობო აქციებს მოლდოვაში. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შორს სანქციები დაუწესეს.
მოლდოვა ასევე მოუწოდებს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს ილან შორსა და სხვა პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს, რომლებიც რუსეთს ქვეყნის დესტაბილიზაციაში ეხმარებიან.