ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ფინეთი ალიანსს ოფიციალურად 4 აპრილს შეუერთდება.
ამის შესახებ მან განაცხადა ბრიუსელსი, ბრიფინგზე, ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, რომელიც ხვალ, 4 აპრილს იმართება.
„ხვალ ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ნატო-ს 31-ე წევრს, რაც ფინეთს გახდის უფრო უსაფრთხოს, ჩვენს ალიანსს კი - ძლიერს. ჩვენ აქ, ნატო-ს შტაბ-ბინაში პირველად აღვმართავთ ფინეთის დროშას“, - განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ხვალ ფინეთი, როგორც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი,მონაწილეობას მიიღებს ალიანსის ყველა შეხვედრაში.
ფინეთის გაწევრიანების დასრულება ჯერ კიდევ მოითხოვს, რომ თურქეთმა გადასცეს გაწევრიანების შესახებ რატიფიცირებული პროტოკოლი აშშ-ის სახელმიწფო დეპარტამენტის არქივში, რის შემდეგაც ნატო-მ ფინეთი უნდა მიიწვიოს, ფინეთმა კი თავის მხრივ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს შეერთების შესახებ და გადასცეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტში.
თუმცა ყველა ეს პროცედურა ბრიუსელში იგეგმება, რათა ფინელ და თურქ ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში გამგზავრება არ დასჭირდეთ.
აღსანიშნავია, რომ 4 აპრილს ნატო-ს დაარსების წლისთავია. ამ დღეს, 1949 წელს ვაშინგტონში 12 ქვეყნის - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლქსემბურგის, კანადის, დანიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და პორტუგალიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ პაკტს - სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შესახებ.
თურქეთის პარლამენტმა, 31 მარტს ერთხმად დაუჭირა მხარი ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებას.