აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა.
"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ მე თქვენთვის ვიბრძვი. ძალიან მარტივია. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები. ამიტომ მოგიწოდებთ შემოწირულება გაიღოთ". - თქვა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.
დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა სამშაბათს, 4 აპრილს გაიმართება.
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ.
ამერიკის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს (მოქმედს ან ყოფილს) სისხლის სამართლის ბრალს წაუყენებენ.
ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ საქმეს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.
ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპის წინააღმდეგ იძიებს საქმეს, რომელიც პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან სკანდალს უკავშირდება. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს, ტრამპის მაშინდელმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს 130 000 დოლარი გაუგზავნა, რათა მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა.