აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანის განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში კონკრეტულ საკითხებზეა კონცენტრირებული და არა პოლიტიკურ პარტიებზე და ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია რამდენჯერმეა გადამოწმებული. ამის შესახებ მან ახალციხეში, "ამერიკული თაროს" გახსნაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ათწლეულებია მზადდება და იგი კონცენტრირდება საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე თუ ინდივიდებზე. იგი ეყრდნობა სანდო წყაროების სპექტრს, რომელიც შემოწმებული და შემდეგ კიდევ გადამოწმებულია.
ეს ანგარიშები ძალიან კარგი საშუალება და რესურსია, ქრონოლოგიურად დავინახოთ არა მხოლოდ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, არამედ ის, თუ წლების განმავლობაში რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა. ის ძალიან კარგი რესურსია, რომ ხელი შეუწყოს ძალისხმევას დემოკრატიის უკეთესი განვითარებისთვის. იმედია, ეს ასე იქნება დანახული".
21 მარტს, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ანგარიში "ძირითადად, NGO-ების უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა".