რუსეთის ძალები ბახმუტის იერიშს განაგრძობენ და უგლედარზე ახალი შეტევისთვის ემზადებიან.
„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს ქალაქ ბახმუტის იერიშს, ჩვენმა დამცველებმა მოწინააღდეგის შეტევები მოიგერიეს ორეხოვო-ვასილიევკის, ბახმუტის,ივანოვკისა და გრიგოროვკის რაიონებში“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა დონეცკის ოლქის დასახლებები, კერძოდ, ბახმუტი, მაიორსკი, ზალიზნოე და ნიუ-იორკი.
გენშტაბში განაცხადეს, რომ ავდეევკის, მარიინკისა და შახტიორის მიმართულებებით მტერმა განახორციელა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები კამენსკის, ავდეევკის, ნეველსკოესა და მარიინკის რაიონებში.
ასევე მტერი აგრძელებს მზადებას უგლედარზე ახალი შეტევისთვის, დონეცკის ოლქში ცეცხლი გაუხსნა ავდეევკას, ვოდიანოეს, ნეველსკოეს, მარიინკას და უგლედარს.
ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე მტერი თავს იცავს, ასევე ცეცხლს უხსნის დასახლებულ პუნქტებს შეხების ხაზის სიახლოვეს.
ასევე რუსი ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქის დასახლებები.